დაძაბულობა რაგბის კავშირის არჩევნებისას - ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და დარბაზში შეღწევა სცადეს [ფოტო] #1TVSPORT

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს.

მას მერე, რაც ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე გამოჩნდა და შენობაში შევიდა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ. თუმცა პოლიციელები საკმარისად არიან მობილიზებულები, ირაკლი აბუსერიძის მომხრეების ტერიტორიიდან გაყვანას და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

აბუსერიძის მხარდამჭერები აანონსებდნენ, რომ არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ. ირაკლი აბუსერიძემ 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა იგი საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები პოლიციელებმა, ტერიტორიიდან კი გაიყვანეს, თუმცა სხვა მხრიდან მოახერხეს დარბაზამდე მიღწევა და პოლიციისგან დარბაზში მათი დელეგატის შეშვებას ითხოვენ.

პოლიციის წარმომადგენლები ირაკლი აბუსერიძის მომხრეებს დაელაპარაკნენ, დელეგატის შეშვებაზე დათანხმდნენ, თუმცა დანარჩენებისგან ტერიტორიის დატოვება მოითხოვეს.