ირაკლი აბესაძე - თუ „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს დაკარგავს, ამაში განსაკუთრებული არაფერია
ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი აბესაძე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს დაკარგავს.
როგორც ჟურნალისტებს აბესაძემ განუცხადა, უმრავლესობაში არსებული პოლიტიკური თამაშები თითქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება, მაგრამ გამოჩნდა, რომ რეალურად, უმრავლესობას არ ანაღვლებს არც სასამართლოს დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფო სისტემაში არსებული კორუფცია.
„მათ მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილება და ივანიშვილის კარზე უპირატესობის მოპოვება ანაღვლებთ. თუ ამ პროცესის შედეგი ის იქნება, რომ რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობას გამოეყოფა, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ამას არანაირი დადებითი ცვლილება არ მოჰყვება.
საპარლამენტო სტატუსი დამოკიდებულია დეპუტატების რიცხოვნობაზე და თუ ისეთ კონფიგურაციას მივიღებთ, რის შესაძლებლობასაც რეგლამენტი მოგვცემს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ცინიკურია, რომ საზოგადოებას შესთავაზონ წარმატებად და წინგადადგმულ ნაბიჯად ის, რაც დაკავშირებულია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, უმრავლესობის შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს ვგულისხმობ“, – განაცხადა აბესაძემ.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება.