ირაკლი აბესაძე - საგანმანათლებლო სისტემაში ექსპერიმენტების ჩატარების დრო არ არის
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ექსპერიმენტების ჩატარების დრო არ არის.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში, სხვადასხვა მინისტრების მხრიდან ცალკეული გაუაზრებელი ნაბიჯები იდგმებოდა.
„სკოლაში გამოცდების გაუქმებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შორის ვერანაირი ლოგიკური კავშირი ვერ დავინახეთ. უმაღლესში ჩასარიცხად, ზოგადი უნარების ტესტის გაუქმებაზე ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ვერ მოვისმინეთ კვლევების შესახებ ინფორმაცია, რასაც ეყრდნობოდა მინისტრი და რაზე დაყრდნობითაც ისინი მსგავსი რეფორმების განხორციელებას ცდილობენ. სამაგიეროდ, ჩვენს სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის დაბრუნების შესაძლებლობა დავინახეთ, რაც წლების წინ ქართული საგანმანათლებლო სისტემის ძალიან მძიმე სენი იყო. ასეთი რისკის ფასად, მსგავსი გაუაზრებელი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმა მიუღებელია. პარლამენტში ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, ზოგადი უნარების გამოცდების ტესტი სავალდებულო იქნება. ახლა საგანმანათლებლო სისტემაში ექსპერიმენტების ჩატარების დრო ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.