ირაკლი აბესაძე - როგორც ჩანს, კახა კალაძე თვლის, რომ მერიის საქმიანობა სწორი იყო და მხოლოდ პიარი აკლდა
ირაკლი აბესაძე - როგორც ჩანს, კახა კალაძე თვლის, რომ მერიის საქმიანობა სწორი იყო და მხოლოდ პიარი აკლდა

ჩვენ ვნახეთ ზედაპირული და ფორმალური ცვლილებები, რომელიც გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ პიარზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თბილისის მერიაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

„თბილისის მერიაში „ქართული ოცნების“ სამწლიანი სრულიად ჩაგდებული მუშაობის შემდეგ, ბუნებრივია კალაძის მცდელობა, საზოგადოების თვალში შექმნას წარმოდგენა, რომ მერიაში რაღაც თვისობრივად შეიცვლება და ადამიანებისთვის მერიის საქმიანობა გახდება მისაღები. თუმცა იმისა ნაცვლად, რომ კალაძისგან ჩვენ გვეხილა მერიაში ბიუროკრატიის შემცირების დაპირება, რომელიც უსაშველოდ გაიზარდა, „ქართული ოცნების“ მმართველობისას, იმ ტოტალური კორუფციისგან გათავისუფლების დაპირება, ჩვენ ვნახეთ ზედაპირული და ფორმალური ცვლილებები, რომელიც გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ პიარზე და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ახალი მერი თვლის, რომ მერიის საქმიანობა გასული სამი წლის განმავლობაში იყო სწორი, კარგი და მხოლოდ და მხოლოდ აკლდა პიარი“, – აღნიშნა აბესაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები უშინაარსოა და მერიის პოლიტიკური ნიშნით გადახალისებისთვის იქნება გამოყენებული.

„ამ მიმართულებით ძალიან სასაცილოა საზოგადოებას რეფორმად და რეორგანიზაციად შეასაღო რამდენიმე სამსახურისთვის სახელის გადარქმევა. თვალთმაქცობაა ბიუროკრატიის შემცირებად წარმოადგინო ურბანული კომისიის გაუქმება, რომლის საქმიანობის მიმართ იყო კითხვის ნიშნები. მიღებული გადაწყვეტილებები არის უშინაარსო. ამის ნაცვლად, კარგი იქნებოდა, მოგვესმინა კონკრეტული დაპირება, თუ როგორ შემცირდება გაბერილი ბიუროკრატია მერიაში და როგორ შეიძლება მოხმარებოდა დაზოგილი თანხები მოსახლეობას. აღნიშნული რეორგანიზაცია, როგორც ჩანს, მორიგ ჯერზე გამოყენებული იქნება პოლიტიკური ნიშნით მერიის შემადგენლობის გადახალისებისთვის“, – განაცხადა აბესაძემ.