ირაკლი აბესაძე - ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი კითხვების ნაწილი პასუხგაუცემელი დარჩა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ირაკლი აბესაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე დასმული მნიშვნელოვანი შეკითხვების ნაწილი პასუხგაუცემელი დარჩა.
„გაცემული პასუხების ნაწილმა დატოვა ჩვენთვის კითხვის ნიშნები და იყო ორაზროვანი. რეგიონში არსებული სიტუაცია მიგვანიშნებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები და სპეცსამსახურებს არ უნდა ეცალოთ პოლიტიკურ საკითხებში ჩარევისთვის. გაცემული პასუხები იყო ჩვენთვის არადამაკმაყოფილებელი ნაწილ შემთხვევაში, ხოლო კითხვების ნაწილზე პასუხი ჯერჯერობით გამოძიებას არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.
შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.
ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.