ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის მხრიდან „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ პოლიტიკური დასჯის ღონისძიება განხორციელდა
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ კანონმდებლობის უხეშად, არასწორი განმარტებით და ინტერპრეტაციით, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები და პოლიტიკოსები დააჯარიმა საარჩევნო პერიოდში საარჩევნო პლაკატის გაკვრისთვის.
აბესაძე მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ პოლიტიკური დასჯის ღონისძიება განხორციელდა.
„ეს არის კანონის უხეში დარღვევა. თუ შევხედავთ თბილისს და ვნახავთ, რამდენი სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო პლაკატია გაკრული ქალაქში, შემდეგ ვნახავთ, რომ მერიას არც ერთი მათგანი ფაქტობრივად არ ჰყავს დაჯარიმებული, მივხვდებით, რომ ეს იყო ფაქტობრივად „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური დასჯის ღონისძიება.
თუ იმას დავამატებ, რომ ჩვენი პოლიტიკური აქტივისტების შეჩერებას ცდილობდა საპატრულო პოლიცია, კრიმინალურო პოლიცია და ეს ადამიანები ცდებოდნენ საარჩევნო პლაკატით და პოლიტიკური მიზნებით, პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სავალალო მდგომარეობაში დავინახავთ ხელისუფლების მდგომარეობას. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები დაკავდნენ იმ უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებით, რომელიც ქალაქში, ქვეყანაში გვაქვს და რომელიც მართლაც აწუხებს მოსახლეობას, პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკური პარტიის დაკვეთით დასდევდნენ და ახალგაზრდებს აჯარიმებდნენ. ასევე, ეს არის ცალსახად უკანონო ჯარიმა, რომელიც დღეს განიხილეს მერიაში. თუ მერია არ დააკმაყოფილებს, აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში.
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია, რომ 31 ოქტომბერს შედგება არჩევნები, განსაკუთრებული გამოცხადება ამ თარიღს არ სჭირდება, ყველა კარგად ვხვდებით, რომ, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში პლიტიკური შინაარსის პლაკატების გაკვრა, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც დაცულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, თუ შევხედავთ მერიის პრაქტიკას, რომელსაც არც ერთი სხვა შინაარსის პლაკატის გაკვრისთვის ადამიანი და ორგანიზაცია არ დაუჯარიმებია, მივხვდებით, რომ ეს იყო შერჩევითად „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ გამოყენებული კანონი, რაც არის ამ კანონის უხეში დარღვევა და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ სახელმწიფო რესურსების გამოყენება“ ,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. აბესაძის თქმით, ისინი მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მერიაში კი აცხადებენ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.
„პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“,- განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.