ირაკლი აბესაძე - გრიგოლ ვაშაძის გარკვეულ რუსულ წარმომავლობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია 
ირაკლი აბესაძე - გრიგოლ ვაშაძის გარკვეულ რუსულ წარმომავლობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია 

საქართველოს მოსახლეობა წყვეტს, ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა,  დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი რუსი ელჩი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

აბესაძის თქმით, ევროპარლამენტში ბევრი ადამიანია და ყველას თავისი მოსაზრება აქვს.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გრიგოლ ვაშაძის რუსულ წარმომავლობაზე საუბარი უხერხულია, „მაშინ, როდესაც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ განცხადებებით გამოდის“.

„არა მხოლოდ კანდიდატი, არამედ პარტიის წევრებიც საკუთარ ქვეყანას ხშირად ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, ხოლო მისი მხარდამჭერები ხშირად ეხებიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა 9 აპრილი და მისი გამომწვევი მიზეზები. ასეთ პირობებში, ღიმილის მომგვრელია, ვისაუბროთ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გარკვეულ რუსულ წარმომავლობაზე“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში გუშინ განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.