ირაკლი აბესაძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება მზად არ არის, უარი თქვას მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე
ცესკო-ს თავმჯდომარეობის შერჩეული კანდიდატურები, პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მზად არ არის, უარი თქვას მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.
„ეს არის მათი მხრიდან უგუნური ნაბიჯი, რომელიც აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. ამ ფონზე, როდესაც ხელისუფლება არ არის მზად პოლიტიკური დიალოგისთვის, ოპოზიციური ძალები და არასამთავრობო სექტორი კიდევ მეტად უნდა გაერთიანდეს, რათა საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და პროპორციულ სისტემაზე დროულად გადავიდეთ”, – განაცხადა აბესაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს კანდიდატურებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე დასახელდა ოთხი კანდიდატურა, რომელთა შორისაც არის ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია.