ირა ჭელიძე - სოციალურ ქსელში არიან სპეციალურად შექმნილი, მართული დეზინფორმაციული ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკას ატარებენ
სოციალურ ქსელში არიან სპეციალურად შექმნილი, მართული დეზინფორმაციული ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკას ატარებენ, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მათ უკან ვინ დგას, ადვილი გასაშიფრია. სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მე, როგორც სპეციალისტი, გეუბნებით, რომ პროპაგანდა და კონტრპროპაგანდა ყოველთვის მუშაობს. როდესაც არის რაღაცის პროპაგანდა, აუცილებელია მაღალი კვალიფიკაციის, ეფექტური კონტრპროპაგანდა. მით უმეტეს, როცა სახელმწიფო ხარ და რესურსი გაქვს. ამ აღვირახსნილ პროპაგანდას შენ ტუტორიალები უნდა დაუპირისპირო. მოსახლეობას ტუტორიალების დონეზე უნდა ელაპარაკო. ჩვენ არ გველაპარაკებიან. გველაპარაკებიან ტროლები და ჩემდა სამწუხაროდ, ექიმები, რომლებიც საქმეს უნდა აკეთებდნენ“, – განაცხადა ჭელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის შეიძლება, აწყობდეს ექიმების, თუ ვაქცინის მიმართ უნდობლობის გაჩენა, ირა ჭელიძემ განაცხადა, რომ ეს შეიძლება, აწყობდეს ძალიან ბევრ ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც აქვს მიზანი და მუშაობს მიზნობრივ ჯგუფზე.
„ეს შეიძლება, იყოს რამდენიმე ჯგუფი. შეიძლება, ეს იყოს ჯგუფი, რომელსაც აქვს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი და საზოგადოებაში შფოთის, გაურკვევლობის, არეულობის, ქაოსის და დაბნეულობის შეტანით კონკრეტულ შედეგს აღწევს“, – განაცხადა ჭელიძემ.
მისი თქმით, ამ ორკესტრირებული აქტივობების უკან აშკარად იკვეთება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები.
„ვიცით ერთი ჯგუფი, რომელიც პანდემიის დასაწყისში ჯერ ექიმებს ესხმოდა თავს, მერე ისეთ შეკრებებს აწყობდა, სადაც ნიღბებს არიგებდა და ძალიან ბევრ რეგულაციას არღვევდა. ახლა, წავიკითხე მათი აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრება, რომ რეგულაციები შემსუბუქებულია, რათა რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაავადდეს, არჩევნებზე რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მივიდეს და პირსისხლიანმა ხელისუფლებამ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩაიგდოს ხელში. მნიშვნელობა არ აქვს, აქ ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია, გამოკვეთილად ჩანს რამდენიმე მიმართულების მართული ფეისბუქსაზოგადოება, რომელიც ქაოსის და გაურკვევლობის დათესვით ცდილობს, საზოგადოებაში დისონანსი შეიტანოს“, – განაცხადა ჭელიძემ.