ირა ჭელიძე - სიტყვა „აგენტი“ ამერიკული საზოგადოებისთვის არ არის პრობლემური, ქართულ რეალობაში კი ამ სიტყვას სხვა დატვირთვა აქვს
ირა ჭელიძე - სიტყვა „აგენტი“ ამერიკული საზოგადოებისთვის არ არის პრობლემური, ქართულ რეალობაში კი ამ სიტყვას სხვა დატვირთვა აქვს

სიტყვა „აგენტი“ ამერიკული საზოგადოებისთვის არ არის პრობლემური, ქართულ რეალობაში კი ამ სიტყვას სხვა დატვირთვა აქვს, – განაცხადა სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მეც სააგენტოში ვმუშაობ, ამერიკულ ტრანსნაციონალურ სააგენტოში, ჩემი დამსაქმებლისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და აშშ-ში ეს სემანტიკურად არის აბსოლუტურად არასახიფათო სიტყვა, ქართულ რეალობაში კი სიტყვა „აგენტს“ ნეგატიური დატვირთვა აქვს. ჩვენ ვართ 90-იანებ გამოვლილები, როცა გვესმოდა სუკ-ის აგენტი, მანჯურიის აგენტი და ა.შ. მთავარი პრობლემა საკომუნიკაციო ველში არის ის, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კანონი ამ რედაქციით რომ მიიღონ, ხვალინდელი დღიდან ჩვენს ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში ყველა ირბენს და ყველა რაღაცის აგენტი იქნება“, – განაცხადა ჭელიძემ.

როგორც ირა ჭელიძემ აღნიშნა, თუ გამჭვირვალობისთვის კანონი მისაღებია, ის მომხრეა, მიღებულ იქნას FARA.

„ჩვენ ვამბობთ, რომ გვჭირდება გამჭვირვალობა, რადგან მსოფლიოს გზაგასაყარზე ვართ და მართლა ათასი სჯულის აგენტი შეიძლება, მუშაობდეს აქ – ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთის. ბოლო-ბოლო, გაგვინათდა და ვთქვით, რომ უნდა გავერკვეთ, ვინ ვინ არის, ხომ?! მაშინ მივიღოთ FARA. ეს FARA აპრობირებულია“, – განაცხადა ჭელიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა შედეგს გამოიწვევს ქართულ რეალობაში FARA-ს მიღება, სადაც სანქციებიც არის გათვალისწინებული, ხოლო მოძრაობა „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის გაცილებით შემსუბუქებული ვერსიაა, სადაც სანქციებზე საუბარი არ არის, ირა ჭელიძემ განაცხადა, რომ FARA არის კანონი, რომელიც გამჭვირვალეს ხდის ხელისუფლებაზე ზეგავლენას, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში კი საუბარი არ არის ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე.

„როდესაც მე ვაკეთებ ასეთ რაღაცას – საზოგადოებრივ აზრს ვაყალიბებ, ვაკეთებ მანიპულაციას და ხელისუფლებას ვაიძულებ, გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც შეიძლება, მთლად სასარგებლო არ იყოს, ეს არ არის ამ ჩვენს კანონპროექტში ნაჩვენები. უბრალოდ, ვინც შემოსავლის 20%-ზე მეტს იღებს საზღვარგარეთიდან, ყველა დარეგისტრირდითო და რატომ? თუ ვიღებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, მივიღოთ ისეთი კანონი, სადაც ხელისუფლებაზე ზეგავლენაზეა საუბარი, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაზე და არა ყველაზე, ვისაც 20%-ის ზემოთ საიდანღაც ერიცხება. მე ვიქნები მშვიდად და ზუსტად მეცოდინება, ვინ დგას „ალტ-ინფოს“ უკან, კრებსითი „ნამახვანის“ უკან, დავით კეზერაშვილი საიდან რიცხავს, საერთოდ რას აკეთებს, რა ხდება და თუნდაც ჩვენი ხელისუფლება ვის პოლიტტექნოლოგიას იყენებს ახლა“, – განაცხადა ჭელიძემ.

ამასთან, ირა ჭელიძემ განაცხადა, რომ, ზოგადად, საქართველოში ეს კანონი საერთოდ არ არის მისაღები, მაგრამ თუ ვიღაცას მაინცდამაინც რაღაცის მიღება უნდა, უნდა მიიღონ FARA და არა ის, რაც ახლაა ინიცირებული.

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მოვლენას აქვს სოციალური კონტექსტი, რაც გკარნახობს, რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო, ამ შემთხვევაში კი საქართველოში არ არსებობს ამ კანონის მიღების სოციალური კონტექსტი.

„სასამართლო ხელისუფლებაში მყავს პრობლემური პიროვნება. ეს პრობლემური პიროვნება რომ არ მყავდეს, მაშინ ნაკლები პრობლემა იქნება, რადგან, ბოლო-ბოლო, თუ ვიღაც აგენტს მიწოდებს, წავალ, ვიდავებ და მოვიგებ, ახლა კი ამის არანაირი გარანტია არ მაქვს. მარტო აგენტზე არ არის საუბარი. საუბარია სოციალურ კონტექსტზე. დღეს ამის დრო არ არის. ამის დრო იქნება მაშინ, როდესაც სასამართლო შტო გაწმენდილი იქნება წინა ხელისუფლების ძალიან მავნე პრაქტიკის წარმომადგენლებისგან, 12 პუნქტი იქნება შესრულებული და კანდიდატის სტატუსი იქნება მონიჭებული“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.