იქმნება სპეციალური პლატფორმა, რომლითაც მომხმარებელს საშუალება ექნება, სახელმწიფოს მიერ გაზისა და დენის გადასახადის დაფარვაზე უარი თქვას
იქმნება სპეციალური პლატფორმა, რომლითაც მომხმარებელს საშუალება ექნება, სახელმწიფოს მიერ გაზისა და დენის გადასახადის დაფარვაზე უარი თქვას

რამდენიმე დღეში ელექტრონული პლატფორმა ამუშავდება, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აბონენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პროგრამით სარგებლობა, რომელიც გაზისა და დენის სამი თვის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, სპეციალისტები აღნიშნული პლატფორმის შექმნაზე ახლა მუშაობენ და ის რამდენიმე დღეში ამოქმედდება. კომისიაში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივის გამოცხადების შემდეგ მათთან ბევრი ზარი შევიდა და მომხმარებლების ნაწილი გამოთქვამს სურვილს, თავად დაფაროს დენისა და გაზის ხარჯები.

გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მომხმარებელს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.