„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“ - პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის” ინფორმაციით, პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა წულეისკირმა განაცხადა, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ახალი რეგულაციების მიღება და იმ ე.წ. შავი ხვრელების აღმოფხვრა, რომლითაც ხშირად მევახშეები სარგებლობენ და ტოტალურად ახდენენ ქონებების მითვისებას.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მევახშეებმა, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების ფორმით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს.
„შემდეგ, ცრუ ჩვენების შედეგად, თითქოს არ იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვისზეც თანხის გასესხება მოხდა, ხუთჯერ და ათჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიითვისეს“, – აღნიშნა წულეისკირმა.
„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია” მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ მსგავსი ფაქტებით.