იოვიტა ნელიუპსიენე - ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების დაწყებას და გვჯერა, რომ ყველამ, ვინც ასრულებს რეკომენდაციებს, უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, ქართველმა ხალხმა
ჩვენ ვიწყებთ მომზადებას დეკემბრის სამიტისთვის, სადაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. თუ ევროკავშირს სურს, იყოს გეოპოლიტიკური, თუ სურს, იყოს უსაფრთხოების, მედეგობის პროექტორი, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ლიეტუვის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოვიტა ნელიუპსიენემ განაცხადა.
იოვიტა ნელიუპსიენეს თქმით, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, როდესაც ქვეყნები იქნებიან მზად.
„გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დეკემბერში ყოველგვარი გადავადების გარეშე, რადგან გაფართოების გადაწყვეტილებების გადავადება ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვხდებით ნაკლებად სანდო და არასაკმარისად მამაცები, რათა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნებმა, რომლებიც ახლა უზარმაზარი ზეწოლის, ჰიბრიდული თავდასხმების, რუსული აგრესიის ქვეშ იმყოფებიან, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უდიდესი რეფორმები ჩაატარეს, ეს უნდა იქნას აღიარებული. კიდევ ერთი ელემენტი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაფართოებაზე და ევროკავშირის შიდა რეფორმებზე, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორ თანმიმდევრობას ვსვამთ, რადგან გაფართოება არ უნდა იყოს ჩვენი დაუსრულებელი დისკუსიების მძევალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების დაწყებას და გვჯერა, რომ ყველამ, ვინც ასრულებს რეკომენდაციებს, უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, ქართველმა ხალხმა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაციები. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა დასრულდეს. როგორც კი ისინი შესრულდება, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება და მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ყველა საკითხი, რომელიც ჩამოწერილია, უნდა შესრულდეს ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან რეფორმები საჭიროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, რეფორმები საჭიროა ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ნელიუპსიენემ.