მოკლული იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა გენერალურ პროკურატურაში იკითხება. ქოიავა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების – რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძისა და სხვა პირთა შეწყალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
„შეცდომაში ვერავინ შემიყვანს, არ ვარ პატარა ბავშვი, რომ ვინმემ მომატყუოს. მოსაყოლად ტელევიზიებში მეძახიან და ამათ ალბათ რაღაც აინტერესებთ. დიმიტრი გაბუნია ჩემთვის არაფერია, რაღაც უბრალო ჭანჭიკია, გაბუნიას დონეზე გადაწყდებოდა ეს საქმე? სიამოვნებით დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს“, – განაცხადა თამაზ ქოიავამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა და პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხის გამოძიება მოითხოვა. ამასთან, პროკურატურაში გამოკითხვაზე 23 სექტემბერს იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი.