იოსებ ხახალეიშვილი - გახარიას მხარდამჭერები ჩვენგან გასული მომხრეები არიან, თუ შევაჯამებთ მისი მერობის კანდიდატის პროცენტებს, თავისუფლად შემეძლო ბარიერის გადალახვა
ქუთაისმა აჩვენა ძალიან გამორჩეული მაგალითი იმისა, რომ დაძაბულებოს მიუხედავად, როგორ შეიძლება, ჩატარდეს არჩევნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისში აბსოლუტურად არც ერთ მნიშვნელოვან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„ჩვენს ქალაქში აბსოლუტურად არც ერთ მნიშვნელოვან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით რაღაც ძალით მოტანილ თემებს, რომლებიც ვითომდა ქალაქში იყო, თუმცა ცესკო-მ თქვა, რომ ეს დარღვევები არ განეკუთვნება მნიშვნელოვანი დარღვევების რიგს“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
რაც შეეხება არჩევნების შედეგს, ხახალეიშვილის განმარტებით, ეს შედეგი მისთვის არ იყო მოსალოდნელი.
„ვფიქრობდი, ჩვენს ქალაქში მექნებოდა ისეთი მხარდაჭერა, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა, თუმცა მათემატიკა არ იტყუება. გახარიას მერობის კანდიდატმა რაც პროცენტებიც მიიღო, მათი მომხრეები ჩვენგან გასული მომხრეები არიან და თუ შევაჯამებთ, მე თავისუფლად შემეძლო, 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა ესეც არ არის პრობლემა. ჩემთვის ეს გამოწვევაა. მე მხოლოდ მერობისთვის და მერის პოზიციისთვის არ ვიბრძოდი, ეს არის ჩემი ქალაქის სიყვარული და ჩემი ქალაქის ურთიერთობა. ვეცდები, კიდევ უფრო დავამტკიცო, რომ ჩემი ქლაქის სიყვარული არის მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ქალაქში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანისთვის მიღებული ხმების ასეთი რაოდენობა. ჩვენს გუნდს ქუთაისის საკრებულოში უკვე ჰყავს უმრავლესობა, ასევე გასაჩივრებულია ნიკეას მაჟორიტარული ოლქი, სადაც გვაქვს დიდი შანსი, რომ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი გავიდეს“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 59 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს ხმების 43,88% აქვს, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 41,42% აქვს.