გიორგი გუგავა - მიმდინარეობს კონსულტაციები სახალხო პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზებას გაუწევს იმ ბრძოლას, რაც ახალ არჩევნებამდე უნდა გვქონდეს
მოლაპარაკებების უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა არის ხელახალი არჩევნები. ჯერჯერობით, ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის. ის საუბრობს შანტაჟის ენით, რომ გააუქმებს პარტიებს, შეწყვეტს დაფინანსებებს და იძულების რეჟიმში მოაქცევს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ნათლად მეტყველებს მათ მიზნებზე, რომ რეალურად ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტი სურთ და აქვთ კიდევაც“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შიგნით, მიმდინარეობს კონსულტაციები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, განიხილება სახალხო პარლამენტის შექმნაც, რომელსაც მაკოორდინირებელი ფუნქცია ექნება.
„მიმდინარეობს კონსულტაციები სახალხო პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით. ამ ორგანოს უმთავრესი ფუნქცია იქნება მაკოორდინირებელი, საკონსულტაციო ფუნქცია. სახალო პარლამენტი ორგანიზებას გაუწევს იმ ბრძოლას, რომელმაც ჩვენ უნდა გვქონდეს ახალ არჩევნებამდე, ოლიგარქიის დასასრულამდე და გადარჩენამდე უნდა მიგვიყვანოს“, – განაცხადა გუგავამ.
ამასთან, გუგავას განცხადებით, სამოქმედო გეგმად განიხილება კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა საშულებები და გზები, რაც დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას ემსახურება. გიორგი გუგავამ „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებულ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა, რომელიც ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა. მისი შეფასებით ეს ცვლილებები „ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობაა“.
„ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა ქვეყანაში, როდესაც შენ გინდა გააუქმო სხვა პარტიები შეუწყვიტო დაფინანსება. მიმართო რეპრესიულ რეჟიმს. შინაარსი ამ კანონპროექტისა არის ის, რომ მოახდინონ ოპოზიციაზე ზეწოლა, რათა იძულებით შევიდნენ პარლამენტში. მათ სურთ, გაათეთრონ ის შავ-ბნელი საქმეები, რომელიც განახორციელეს. არჩევნების გაყალბების გზით, სწორედ ასე შედგა ეს არალეგიტიმური პარლამენტი“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.