იოჰანეს ჰანი - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ჩვენ გვინდა, ევროპაში არსებობდეს კეთილდღეობის მთელი სარტყელი და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მეზობელი ჩავრთოთ ამ პროცესში, გააჩნია ინტერესებსა და შესაძლებლობებს, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„საქართველომ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ევროკავშირში მონაწილეობით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იძლევა საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თვალსაჩინო და ხელშესახები იყოს. ეს წყვეტა შეიძლება ძალიან მალე შეივსოს, ჩვენ ასე ვხედავთ მომავალს. აქცენტი გავაკეთოთ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია. ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლებაა და ქართული საზოგადოებაა გარკვეულ ხარვეზებს გამოასწორებს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მედიის როლიც, რადგან მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რომ თავშესაფრის ძიება ევროკავშირში შედეგს არ მოიტანს, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა.

„მითხრეს, რომ რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე 600 ათასი ადამიანი შემოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს თავისთავად გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, თქვენი შესაძლებლობები მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.