იოჰანეს ჰანი - საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არასაკმარისი შედეგების გამო, მოთმინება ეწურება
საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არასაკმარისი შედეგების გამო, მოთმინება ეწურება. ამის შესახებ უკრაინულ „პირველ არხთან“ ინტერვიუში ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, ჩემი აზრით, ფაქტობრივი შედეგები საკმაოდ მოკრძალებულია. მიმაჩნია, ამას ხელისუფლებამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. საქმე მხოლოდ ინსტიტუტების შექმნასა და შესაბამისი კანონმდებლობის არსებობას არ ეხება, არამედ ასევე იმას, თუ როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
როგორც ევროკომისარი ამბობს, ევროკავშირი ნაკლოვანებებს სწორედ კანონმდებლობის პრაქტიკულ განხორციელებაში ხედავს.
„სწორედ ამ მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას მოთმინება ეწურება“, – აღნიშნა ჰანმა.
„რამდენადაც ვიცი, 1,5 მილიონმა ადამიანმა დაადეკლარირა ქონება. თუმცა, თუ არ ვცდები, აქედან მხოლოდ ასამდე დეკლარაცია შემოწმდა. ასი 1,5 მილიონიდან – ეს შედეგი არ არის“, – განაცხადა ევროკომისარმა.