იოჰანეს ჰანი- მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოება უახლოეს ორ კვირაში მოგვარდება
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ ათენსა და სკოპიეს შორის მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოება უახლოეს ორ კვირაში მოგვარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.
„ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ორ კვირაში ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება. უკიდურეს შემთხვევაში – გადაწყვეტილება, რომელიც გახსნის გზას მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
„ვფიქრობ, ყველა მხარე თანახმაა, რომ ეს სასარგებლო იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე საზოგადოებისთვის და დასავლეთ ბალკანეთის მთელი რეგიონისთვის“, -აღნიშნა ჰანმა.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ მაკედონიამ ღრმა პოლიტიკური კრიზისი დაძლია და აჩვენა პროგრესი რეფორმების განხორციელებასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებაში.
თებერვლის დასაწყისში მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაკედონია მზად არის საბერძნეთთან დავის დასარეგულირებლად, ქვეყნის სახელწოდებას გეოგრაფიული დაზუსტება დაამატოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ახალ სახელწოდებად რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონია, ახალი მაკედონია და ზემო მაკედონია
მაკედონიის სახელი სკოპიესა და ათენს შორის უკვე 27 წელია დავის საგანია. უთანხმოების გამო საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.