იოჰანეს ჰანი - ევროპული სკოლა არის თანამშრომლობის, მეგობრობისა და ევროპული ფასეულობების აღიარების მაგალითი
ევროპული სკოლა არის თანამშრომლობის, მეგობრობისა და ევროპული ფასეულობების აღიარების მაგალითი, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს განათლების სამინისტროს კარგი თანამშრომლობისთვის. ის ძალიან დაგვეხმარა, რომ ეს სასწავლო დაწესებულება აღიარებული ყოფილიყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს, როგორც აქ, ასევე ბრიუსელში. ეს არის საპილოტე პროექტი. მივიღეთ თხოვნები, რომ მსგავსი ინსტიტუტი გაიხსნას დასავლეთ ბალკანეთში, რადგან ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, თანამშრომლობის, მეგობრობისა და ევროპული ფასეულობების აღიარების მაგალითი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
იოჰანეს ჰანის განცხადებით, დიპლომს, რომლებსაც მოსწავლეები ევროპულ სკოლაში მიიღებენ, მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტში იქნება აღიარებული.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ აქ დავბრუნდი, როდესაც ამ სკოლის ინაუგურაცია გვქონდა. ეს არის პირველი მსგავსი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ იმას, რომ სკოლა მრავალენობრივი იყოს. რაც მთავარია, სკოლაში არის ევროპული ფასეულობები, ასევე საერთაშორისო დიპლომს, რომლებსაც ბავშვები მიიღებენ, მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტში იქნება აღიარებული. ეს არის დიდი ინვესტიცია ჩვენი მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები ისწავლიან ერთად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ ისეთი საერთო საცხოვრებელი, სადაც ერთად იქნებიან და კარგად გაიცნობენ ერთმანეთს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
იოჰანეს ჰანი ლისის ტბის მიმდებარედ საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლის ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.
ევროპული სკოლის მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.