იოჰანეს ჰანი - არსებობს მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი, როგორც ჩანს, მათ საშინაო დავალება შეასრულეს, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან
არსებობს მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი. როგორც ჩანს, მათ საშინაო დავალება შეასრულეს, ახლა ეს უნდა შევაფასოთ და ევროკავშირის საბჭომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, – ამის შესახებ ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
„მე ვერ ვისაუბრებ ევროკომისიის შეხედულების შედეგზე, მაგრამ როგორც ვიცი, დღეს იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვიცი, რომ საქართველომ წარადგინა ინფორმაციის 3 000 გვერდი. როგორც ჩანს, მათ საშინაო დავალება შეასრულეს. ახლა ჩვენ ეს უნდა შევაფასოთ და ევროკავშირის საბჭომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან. მე ვარ თბილისში ევროპული სკოლის გახსნის ინიციატორი. მადლიერი ვარ, რომ ის დღემდე ფუნქციონირებს და როგორც ვიცი, ამ სკოლის საბოლოო ადგილის მოწყობა ამ დრომდე გრძელდება. ეს სკოლა ჩემი შვილივითაა. რაც შეეხება საქართველოს შეფასებას, მე არ ვარ საქმის დეტალებში ჩახედული, სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ, თუმცა არსებობს მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.