იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოში შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით პროგრესი არ არსებობს
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი იოჰანეს ჰანი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს.
როგორც ჰანი აღნიშნავს, „შემაშფოთებელია საქართველოში სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობა“.
მისივე თქმით, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
„ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანდაცვას, სამუშაო პირობებსა და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მოქმედებისკენ და შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომით ურთიერთობებისა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობით. შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ( მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში), საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტურად აღასრულოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებში გაწერილი ძირითადი შრომითი სტანდარტები.
საქართველოში ამჟამად არსებული პრაქტიკა, ისევე როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სრულ თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან, მიუახლოოს კანონმდებლობა ევროკავშირის შრომის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სანქციები იყოს ეფექტური, პროპორციული, გადამწყვეტი და დამსაქმებლებისთვის ჰქონდეს რეალური შემკავებელი ძალა.
მკაფიო, პროგნოზირებადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. საქართველომ ცნო სასარგებლო როლი, რომ ძირითადი შრომითი სტანდარტები და ღირსეული სამუშაო შეიძლება იყოს ეკონომიკურად ეფექტური, ინოვაციური და პროდუქტიული. ამ ფონზე ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს შეშფოთებას “შრომითი უსაფრთხოების” კანონმდელბობის პირობებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და დაჟინებით მოითხოვს, რომ კანონმდებლობამ უზრუნველყოს დასაქმებულთა ეფექტური დაცვა, ზედამხედველობითა და სანქციების ძალით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შრომითი ინსპექციის შესაბამისი სისტემის შექმნით”,- აღნიშნავს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.
ასევე წერილში იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები, ასოცირების შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი არხებია, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად წამოწიოს შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
„ჩვენ მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ სტრუქტურებითა და შესაძლებლობებით, მათ მიერ უზრუნველყოფილი ჩარჩოს ფარგლებში. ევროკავშირი მომავალშიც მხარს დაუჭერს შესაფერისი შრომითი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და უკეთეს სამუშაო პირობებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განაგრძობს სვლას შრომის დაცვის უმაღლესი სტანდარტებისკენ, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი”, – ვკითხულობთ იოჰანეს ჰანის წერილში.