იოელ რომერო აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის წევრი აღარ არის
იოელ რომერო აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის წევრი აღარ არის

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზონის ცნობილი მებრძოლი იოელ რომერო (13-5 MMA, 9-4 UFC) UFC-ის წევრი ოფიციალურად აღარ არის. აღნიშნული ინფორმაცია Vegas 16-ის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დანა ვაიტმა დაადასტურა. პრომოუშენის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ორგანიზაცია დაახლოებით 60 მებრძოლს დაემშვიდობება.

საინტერესოა, რომ რომეროს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით UFC-ში კიდევ 3 ბრძოლა უნდა გაემართა. ვაიტის განცხადებით რომეროს გათავისუფლების მთავარი მიზეზი მისი ასაკი (43 წელი) და ბოლო ბრძოლებში განცდილი მარცხებია.

შეგახსენებთ, რომ კუბელმა მებრძოლმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 2013 წლის აპრილში გამართა. 2017 წლის ივლისში რომერომ რობერტ ვიტეკერთან ტიტულზე იბრძოლა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. 2018 წელს იოელს რევანშის აღება შეეძლო, თუმცა მან წონა ვერ ჩააბარა და განმეორებით ბრძოლაშიც დამარცხდა ვიტეკერთან. მას ტიტულზე ბრძოლის კიდევ ერთი შანსი სულ ცოტა ხნის წინ მიეცა, მაგრამ ისრაელ ადესანიასთან გამართულმა დაპირისპირებამ მოლოდინები არ გაამართლა და ვეტერანმა კუბელმა ქამრის მოგების მორიგი შანსი ვერ გამოიყენა.