იოავ გალანტი - „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება
„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის ჩრდილოეთის ქალაქების მერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ისრაელის მედიის შეფასებით, იოავ გალანტის განცხადება მიუთითებს, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხოების სიტუაციის შეცვლაში და მოგვცემს საშუალებას, დავასრულოთ მოსახლეობის სახლებში დაბრუნების მნიშვნელოვანი მისია. ჩვენ ამას გავაკეთებთ. და როგორც ვთქვი აქ ერთი თვის წინ, ჩვენ გადავიტანთ სიმძიმის ცენტრს ჩრდილოეთზე, აი, რას ვამბობ ახლა: ჩვენ შევცვლით სიტუაციას და დავბრუნდებით სახლებში”, – განაცხადა იოავ გალანტმა.