იოავ გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ მძევლები და დანებდნენ
იოავ გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ მძევლები და დანებდნენ

„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ მძევლები და დანებდნენ.

„ისრაელის სახელმწიფომ სამართლიანობა აღასრულა იაჰია სინვარის, მკვლელისა და ტერორისტის ლიკვიდაციით. იაჰია სინვარი იყო მთავარი ტერორისტი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა. სინვარი მოკვდა გაქცევისას. ის არ მომკვდარა, როგორც მეთაური, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. ეს არის ნათელი გზავნილი ჩვენი მტრებისთვის – ისრაელის თავდაცვის ძალები მისწვდება ნებისმიერს, ვინც შეეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს ან ჩვენს უსაფრთხოების ძალებს. ჩვენ გადაგიხდით სამაგიეროს“, – აღნიშნა იოავ გალანტმა ვიდეომიმართვისას.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა არის მკაფიო გზავნილი დაღუპულებისა და მძევლების ოჯახებისთვის, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მძევლების სახლში დასაბრუნებლად.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა.

იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. ქვეყნის სპეცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი. სინვარი სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში 1962 წელს დაიბადა. მან ცხოვრების დიდი წილი ისრაელის ციხეში გაატარა. 1988 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იაჰია სინვარი იყო იმ 1027 პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც ისრაელმა „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილ ისრაელელ სამხედროზე, გილად შალიტზე 2011 წელს გაცვალა.