იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი - საპატრიარქოში დღეს და გუშინ ჩატარებული ტესტების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, საპატრიარქოში ამ დრომდე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოში, ასევე სამების საკათედრო ტაძარში უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ტესტირებები, გაგრძელდება ტესტირებები. გუშინაც ჩატარდა ტესტირება, დღესაც ჩატარდა და მიღებული პასუხები ყველა არის კოვიდ უარყოფითი“, – განაცხადა ვეფხია ოდიშარიამ.
კითხვაზე, „მათ შორის პატრიარქის?“, -ოდიშარია პასუხობს, რომ კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიაწვდის.
„ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტირებების პასუხები ყველა კოვიდ უარყოფითია. რაც შეეხება უწმინდესთან დაკავშირებით დასამულ შეკითხვას, კონკრეტულად პიროვნებებთან დაკავშირებით საზოგადოებას აცნობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური…როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღესაც და გუშინაც ჩატარებული ტესტირებების ყველა პასუხი უარყოფითია“, – აღნიშნა ვეფხია ოდიშარიამ.