გერმანიის საფეხბურთო კავშირი (DFB) არ აპირებს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იოახიმ ლიოვის განთავისუფლებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს. ამის შესახებ განაცხადა DFB-ის პრეზიდენტმა ფრიც კელერმა.
„რა თქმა უნდა, ჯერ ტურნირის დასრულებას უნდა დაველოდოთ და შევხედოთ, რა გამოვა, – თქვა კელერმა. – მაგრამ ლიოვთან კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდეა ძალაში და გვინდა ის ბოლომდე ამოვწუროთ“.
გუნდის ამოცანაა ნახევარფინალში გასვლა. „ლიოვთან ერთად გველოდება საინტერესო ჩემპიონატი. მიზანია ნახევარფინალი. ეს ძალიან ამბიციური ამოცანაა, მაგრამ ჩვენ უმაღლესი მიზნები უნდა დავისახოთ“, – აღნიშნა DFB-ის პრეზიდენტმა.
გასული წლის ნოემბერში, გერმანიის ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩში 0:6 წააგო ესპანეთთან. „ლიოვმა თავისი რეაქციით აჩვენა, რომ მას აქვს მუშაობის გაგრძელების მოტივაცია“, – თქვა კელერმა.
ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.