ინვესტორებთან ურთიერთობის კუთხით ნათია თურნავას მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე იქნება
ინვესტორებთან ურთიერთობის კუთხით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე იქნება.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებულ პოლიტიკას შესთავაზებს.
„პრემიერ-მინისტრისგან მოგვეცა დავალება და განსაკუთრებული უფლებები, მოვახდინოთ კოორდინაცია ყველა სხვა უწყებაში და ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებებში, ასევე თვითმმართველობებში საინვესტიციო პოლიტიკის მხრივ. ამისთვის შემოღებულ იქნა მინისტრის მოადგილის სპეციალური პოსტი, სადაც დღეს პრემიერის გადაწყვეტილებით დაინიშნა ჩემი ახალი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე. მის დაქვემდებარებაში იქნებიან ყველა სხვა სტრუქტურაში მყოფი პირები, რომლებსაც შეხება აქვთ ინვესტორებთან, ბიზნესთან, ინვესტიციებთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, ინვესტორს არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში სიარული და ამაში დრო არ იკარგებოდეს.
„ჩვენი ამოცანაა, ინვესტორის სურვილები რაც შეიძლება სწრაფად იქცეს კონკრეტულ პროექტებად, დასაქმებად. შეეძლოს ინვესტორს ბიზნესის კეთება და პროდუქტის შექმნა. ამისთვის, ჩვენ ერთ კოორდინირებულ საინვესტიციო პოლიტიკას და ერთი ფანჯრის პრინციპს ვთავაზობთ ინვესტორებს. თავიდან ბოლომდე, პირველი კონტაქტიდან, ბიზნესის ამოქმედებამდე გავყვებით და ამის კოორდინაციას ჩემი მოადგილე განახორციელებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საწარმოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება ბიზნესის დაწყების შემდეგაც განხორციელდება.
„ეს არის ჩვენი ახალი საინვესტიციო პოლიტიკის კონცეფცია. ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც კოორდინირებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ და ამ ამოცანას კონკრეტული მოადგილე მოემსახურება“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, თქმით, ნიკოლოზ ალავიძე კერძო სექტორიდან მოდის და ის გამოცდილი ბანკირია.
„სხვადასხვა პერიოდში უმუშავია სხვადასხვა წამყვან საბანკო დაწესებულებაში და ასევე, კერძო კომპანიებში მაღალ მენეჯერულ თანამდებობებზე. თავისი გამოცდილებით არის კორპორატიული ბანკირი, არაერთ კერძო ბიზნესთან ჰქონია შეხება და შიგნიდან იცის ბიზნესის პრობლემები, გამოწვევები. ეს იქნება ძალიან კარგი დახმარება და შემომატება ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.