Investigate Europe - სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ახორციელებენ, რითიც პუტინის ომს ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფენ
Investigate Europe - სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ახორციელებენ, რითიც პუტინის ომს ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფენ

სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ამ დრომდე ახორციელებენ, რითიც უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ვებპორტალის, Investigate Europe-ის სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 5 დეკემბრიდან დააწესა. სანქციებს უნდა შეემცირებინა რუსეთის შემოსავალი და ამავე დროს, უნდა დაერწმუნებინა ევროპელი გადამზიდავები, რომ უარი ეთქვათ დანარჩენი მსოფლიოსთვის რუსული საწვავის მიწოდებაზე. თუმცა ერთი თვის თავზე Investigate Europe-ისა and Reporters United-ის ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ ნაბიჯს შეზღუდული გავლენა ჰქონდა: მოსკოვი კვლავ დიდ შემოსავალს იღებს ექსპორტისგან და ევროპული კომპანიები ამ ვაჭრობას კვლავ დიდწილად ხელს უწყობენ. ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის გადამზიდავმა ევროპულმა ტანკერებმა ასობით რეისი შეასრულეს და აქედან 100-ზე მეტი – ევროპის პორტებში.

გამოცემის ცნობით, 5 დეკემბრიდან 5 იანვრამდე პერიოდში წიაღისეული საწვავით დატვირთულმა 689 ხომალდმა დატოვა რუსული საერთაშორისო პორტები, აქედან 250 ევროპული ტანკერია.

გამოძიების თანახმად, გადაზიდვებში, ძირითადად, ბერძნული ტანკერები მონაწილეობენ, თუმცა ასევე გასულ თვეში ექსპორტში მონაწილეობდნენ გერმანიაში, მონაკოში, კვიპროსში, დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და ბრიტანეთში მომუშავე ხომალდებიც. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ სანქცირებული რუსული სახელმწიფო კომპანია „სოვკომფლოტი“ ევროპულ ვაჭრობაში კვლავ მონაწილეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან თავისი კავშირებით.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ზომების მიუხედავად, მრავალი ევროპული კომპანია განაგრძობს რუსეთიდან წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მოგების მიღებას. გამოცემის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ სავაჭრო გარიგებები უკანონოა, თუმცა ევროპის ბიზნესურთიერთობები რუსეთთან, საბოლოოდ, კრემლის სამხედრო ხაზინას მილიონობით ევროთი ავსებს.

ამჟამად ევროკავშირს აკრძალული აქვს რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი, თუმცა, გამოძიების ცნობით, მონაცემები აჩვენებს, რომ ემბარგოს დაწესების შემდეგ რეგიონში ნავთობის 30 პარტია გაიგზავნა, საიდანაც 18-ის ტრასპორტირება ევროპული ტანკერებით მოხდა.

სტატიაშია აღნიშნულია, რომ სანქციებში არსებული „ხვრელით“ სანქციები არ ვრცელდება რუსეთის ფარგლებს გარეთ მოპოვებულ ნავთობზე, რომლის ექსპორტი რუსეთის გავლით ხდება. მაგალითად, ამგვარად თავისი ნავთობის ექსპორტს ყაზახეთი ახორციელებს.