26 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვირუსის ევოლუციის მრჩეველთა ტექნიკურმა ჯგუფმა ახალი შტამის მუტაციის შესწავლა დაიწყო. ამ შტამს „ომიკრონი“, ბერძნული ანბანის მე-13 ასოს სახელი უწოდეს. „ომიკრონი“ პირველად სამხრეთ აფრიკაში გავრცელდა. სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები შიშობენ, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა შესაძლოა, მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემა დიდი ნგრევის წინაშე დააყენოს. მათივე ინფორმაციით, ეს შტამი რეინფიცირების საშიშროებას უფრო მეტად ზრდის, ვიდრე „დელტა“ შტამი. აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ „ომიკრონით“ ინფიცირების დინამიკა ტყის ხანძარს შეადარა, რომელიც სწრაფად ვრცელდება.
„ომიკრონი“ ამ დროისთვის 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ ქვეყნებს შორს საქართველო არ არის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ომიკრონის“ შესწავლას განაგრძობს. მათ ამ დრომდე საბოლოო დასკვნა არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა არსებულ ინფორმაციაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საშიში პათოგენების გუნდის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი ესაუბრა. გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ბრიტანელმა ეპიდემიოლოგმა ყურადღება ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მთავარი რეკომენდაციების დაცვაზე გაამახვილა.
მადლობა, ამ რთულ ვითარებაში ჩვენთვის რომ მოიცალეთ. რა ინფორმაცია გაქვთ დღეს კორონავირუსის ახალ შტამზე, რამდენად გადამდებია და ხომ არ არის „დელტა“ შტამზე უფრო ვირულენტური?
ბოლო დღეებში გულდასმით მიმდინარეობს ახალი შტამის შესწავლა. „ომიკრონის“ შტამად წოდებულ ახალ ვარიანტს მნიშვნელოვანი მუტაცია აქვს განცდილი, მაგრამ თამამად იმის მტკიცება, რომ დომინანტ შტამზე, „დელტაზე“ ბევრად მომაკვდინებელია, რთულია. სათანადო ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. სამხრეთ აფრიკის მაგალითზეც კი ჯერ ადრეა კონკრეტული და უტყუარი დასკვნის გაკეთება, რადგან დაკვირვება და ახალი შტამის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს. მთავარი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, გახლავთ მენტალური სიმტკიცის შენარჩუნება, არ მივეცეთ შიშს და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე გვქონდა. პარალელურად კი უმნიშვნელოვანესია საყოველთაო ვაქცინაცია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ვაქცინა მუშაობს ამ დაავადების წინააღმდეგ და აუცილებელია, რომ ყველა აიცრას. ვაქცინაციის პარალელურადაც არ უნდა დაგვავიწყდეს წესების დაცვა, როგორიცაა დისტანცია, პირბადის ტარება, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, ასევე ჰიგიენის დაცვა – ხელების ხშირი ბანვა, ასევე თვითიზოლაცია პირველივე საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე. ეს ყველაფერი კი უმთავრესი წესებია იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების შეკავება მოვახერხოთ.
რამდენად ეფექტიანად მუშაობს დღეს არსებული ვაქცინები „ომიკრონის წინააღმდეგ? არაერთ მეცნიერს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ აგრესიული შტამის გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, არსებულ ვაქცინებს ერთგვარი მოდიფიკაცია დასჭირდეს. ამ საფრთხის წინაშე ხომ არ ვდგავართ ახლა?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერჯერობით ძალიან ადრეა, ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს „ომიკრონის“ შესახებ. შესაბამისად, ადრეა იმაზე საუბარი, რომ ვაქცინები სრულიად ეფექტიანია „ომიკრონის“ წინააღმდეგ ან პირიქით, რომ ეფექტიანად არ მუშაობს. თუმცა, ვირუსის მუტაციის შესახებ არსებული მონაცემები გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონისგანაც“ დაგვიცავს. ფაქტია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულმა ვაქცინებმა „ალფა“ და „ბეტა“ შტამებისგან დაცვის ძალიან მაღალი ეფექტიანობა გვაჩვენა. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, თუ ჯერ არ აცრილხართ, აუცილებლად მიმართეთ ვაქცინაციის უახლოეს პუნქტს და ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
დღეს ვხედავთ, რომ ევროპაში ეპიდემიური ვითარება რთულდება. რა არის ამის რეალური მიზეზი?
ევროპაში ეპიდვითარების გართულებას რამდენიმე მიზეზი აქვს. შეიძლება, ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატება სხვადასხვა, კომპლექსური მიზეზებითაა განპირობებული. პირველ რიგში, ეს გახლავთ სხვა შტამების ფონზე უფრო სწრაფად გადამდები „დელტა“ შტამის დომინაცია. სამწუხაროდ, ესაა მთავარი ფაქტორი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ევროპის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აუცრელია. სამწუხაროდ, მათ ამ დრომდე ვაქცინაციის შესაძლებლობით არ უსარგებლიათ. მესამე მიზეზი კი გახლავთ პანდემიის დაწყებისთანავე შემოღებული რეკომენდაციების შემსუბუქება. რიგ ქვეყნებში ამ აუცილებელ რეკომენდაციებზე უარის თქმამ ინფიცირების შემთხვევები გაზარდა. ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ჰიგიენის ნორმების დაცვა და პირბადის ტარება. ეპიდვითარების გაუარესება ევროპაში შემოდგომიდან იწყება და ამას სკოლების გახსნამ, სამსახურებში ხალხის მისვლამაც შეუწყო ხელი, ბევრი მოქალაქე დისტანციური მუშაობის შემდეგ ოფისებს დაუბრუნდა. ახლა მთავარია, რომ აუცრელმა ადამიანებმა დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და გვახსოვდეს, სანამ პანდემიაა, ხალხმრავლობაში პირბადე უნდა ვატაროთ, მით უმეტეს ახლა, როცა ზამთარი მოდის.
სამწუხაროდ, საქართველოში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში, ანტივაქსერული განწყობები ძლიერია. ამ განწყობებს, როგორც წესი, მეცნიერული საფუძველი არ აქვს, თუმცა ანტივაქსერების ფსიქოლოგიური წნეხი მაინც მოქმედებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ვაქცინების არსებული მარაგის მიუხედავად, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. სად ხედავთ გამოსავალს, როგორ უნდა აღვუდგეთ ანტივაქსერულ განწყობებს?
ჩვენი მთავარი მოვალეობაა, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები დავარწმუნოთ, რომ პანდემიის დასრულების გზა საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის, უნდა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა ადამიანს იცავს ვირუსის გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ გაზაფხულიდან დღემდე ევროპის 33 ქვეყანაში ვაქცინაციის შედეგად ნახევარ მილიონამდე ადამიანი გადარჩა. საუბარია 60 წლის ზემოთ ადამიანებზე. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით დიდი სხვაობაა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, შესაბამისად, ნაკლებად ვაქცინირებულ საზოგადოებაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდია. ვითარების ფონზე თვალნათლად ვხედავთ, ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, სიკვდილიანობა დაბალია ვაქცინირებულ მოსახლეობაში. რაც შეეხება ანტივაქსერულ განწყობებს, ეს მართლაც დიდი გამოწვევაა და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, პირველ რიგში, აუცილებელია ვაქცინებზე წვდომა და სწორად მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, თუ რამხელა სარგებელი აქვს ვაქცინაციას და როგორი სერიოზული გართულებებისგან იცავს მათ. ასევე აუცილებელია, რომ მედპერსონალი სრულად ვაქცინირებული იყოს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, რათა საფრთხე არ შეუქმნას მოწყვლად პაციენტს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, რა ისწავლეს მეცნიერებმა „კოვიდ-19“-ის გამომწვევი Sars Cov2-ის შესახებ? გაქვთ თუ არა დღეს საკმარისი ინფორმაცია ამ რთული ვირუსის შესახებ?
თუ გადავხედავთ ამ ორი წლის განმავლობაში მეცნიერებისა და ეპიდემიოლოგების ცოდნას, თამამად გეტყვით, დღეს ბევრად დიდი უპირატესობა გვაქვს ვირუსთან, ვიდრე აქამდე გვქონია, რადგან დღეს ბევრად მეტ ინფორმაციას ვფლობთ. დღეს უკვე ვიცით, როგორ ვრცელდება, ვიცით, რა აფერხებს გავრცელებას, ვიცით, რომ პირბადე გვიცავს, ისიც ვიცით, როგორ ეფექტიანად მუშაობს ვაქცინა, გვაქვს პრევენციის საშუალება და მკურნალობის პროტოკოლი. უფრო მეტიც, უკვე შეგვიძლია, ვმართოთ პანდემია ისე, რომ ნაკლებად დაგვაზარალოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ვერცხლის ტყვია“ ამ ვირუსის წინააღმდეგ არ გვაქვს, შესაბამისად ვაქცინაცია აუცილებელია, ხოლო პარალელურად უნდა გვახსოვდეს იმ ელემენტარული და უმთავრესი ზომების დაცვა, რასაც ჰქვია ხელების დაბანვა, პირბადის ტარება და სიმპტომების გამოვლენისთანავე თვითიზოლაცია.