ინტერპოლმა მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის საერთაშორისო ძებნაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მოლდოვის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება ინტერპოლმა მოლდოვის მთავრობას 23 ივლისს აცნობა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე უარის თქმის ზუსტი მიზეზი განმარტებული არ არის. უწყებაში აცხადებენ, რომ ინტერპოლს კვლავაც გადაუგზავნიან მტკიცებულებებს, რომლითაც პლახოტნიუკის მიერ კანონდარღვევის არაერთი ფაქტი დადასტურდება.
მოლდოვაში დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ბიზნესმენი ვლადიმირ პლახოტნიუკი დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნაში, შანტაჟსა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.
ივნისის დასაწყისში მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ისგან პლახოტნიუკის ექსტრადირება მოითხოვა.
პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა. 2020 წლის 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.