ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა
2018 წლის 13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მ/წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ხსენებული პირები მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.
„ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს მხარის მიერ გატარებული იქნება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მათ წარსადგენად“, – განმარტავენ შსს-ში.
შეგახსენებთ, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით.
ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.