ინტერპოლი მზად არის, ბრიტანეთს 39 ცხედრის აღმოჩენის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს
ინტერპოლი მზად არის, ბრიტანეთს 39 ცხედრის აღმოჩენის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს

ინტერპოლი მზად არის, დიდ ბრიტანეთს 39 ცხედრის აღმოჩენის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა განაცხადა.

„დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენა შოკისმომგვრელი და დამამწუხრებელია. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც ოჯახი და საყვარელი ადამიანები დაკარგა. ჩვენ აღმოვუჩინეთ ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სისხლის სამართლის გამოძიების ბიურო მოითხოვს, გარდაცვლილების იდენტიფიცირებისა და პასუხისმგებელი პირების გასამართლებისთვის“, – დაწერა იურგენ შტოკმა „ტვიტერში“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს დიდი ბრიტანეთის გამოძიებამ სატვირთო მანქანის მარშრუტი დააზუსტა. ესექსის საგრაფოს პოლიციაში განაცხადეს, რომ სატვირთო ქვეყანაში ბელგიის პორტიდან, ზებრიუგედან ჩავიდა.

ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, მანქანა რეგისტრირებული იყო ვარნაში ირლანდიის მოქალაქის კუთვნილ კომპანიის სახელზე. ამასთან, ბულგარეთის პრემიერმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ბულგარეთის ტერიტორია 2017 წელს დატოვა და არ დაბრუნებულა. გამოძიების ხელშეწყობის პირობა დადო ირლანდიის პრემიერმა, ლეო ვარადკარმაც.

23 ოქტომბერს, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეის ინდუსტრიულ ზონაში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი. ჩრდილოეთ ირლანდიაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.