ინტერნეტსივრცეში ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გზამკვლევი გამოსცა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეიმუშავა გზამკვლევი „ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვა“. დოკუმენტში ინტერნეტსივრცეში ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებითაა განხილული.
გზამკვლევის მიზანია ციფრულ გარემოში ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და მათი ეროვნულ კანონმდებლობასთან მისადაგება. ამისათვის, დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ ცნებასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე, მონაცემთა დამუშავების პრინციპებზე, საფუძვლებსა და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ არ ითვალისწინებს ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, ბავშვის მონაცემთა დაცვის გარანტიების შექმნისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება.
„თანამედროვე სამყაროში ციფრულმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო. ბავშვები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, რაც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ციფრული გარემო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, განახორციელონ კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი აზრი და ა.შ. შესაბამისად, ერთი მხრივ, ონლაინსივრცე იძლევა სარგებელს, თუმცა მეორე მხრივ, წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით“, – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.