ინტენსიური თოვის გამო, თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მთელი ღამის განმავლობაში იმოქმედებს
ინტენსიური თოვის გამო, თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მთელი ღამის განმავლობაში იმოქმედებს

ინტენსიური თოვისა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემის გამო, თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მთელი ღამის განმავლობაში იმოქმედებს, ამის შესახებ საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა განაცხადა.

აბდულაშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა თელავი-ვაზიანის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრზე.

„რთული მონაკვეთია გომბორი-თეთრწყლების უღელტეხილის მონაკვეთზე, რომელიც ზღვის დონიდან 1650 მეტრზეა. გადაადგილება აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, გარდა მაღალი გამავლობისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონე სატრანსპორტო საშუალებებისა. ჩვენი ტექნიკა და მუშახელი მობილიზებულია, გზაზე იყრება ტექნიკური ქვიშა-მარილი და სამუშაოები დილით კვლავ განახლდება“, –  განაცხადა აბდულაშვილმა.

გომბორის უღელტეხილზე ტემპერატურა მინუს ექვსი გრადუსია და ინტენსიურად თოვს. უღელტეხილის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილებაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.