ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ჩვენ უნდა გვყავდეს მილიონერი მეცნიერები, სხვანაირად ქვეყნის გაძლიერება არ იქნება
ჩვენ უნდა გვყავდეს მილიონერი მეცნიერები, სხვანაირად ქვეყნის გაძლიერება არ იქნება, – ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის გამოწვევები განიხილეს.
გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არასახარბიელო პოზიცია აქვს და ე.წ. კომპიუტერული კლასტერების განვითარების კუთხით 117-ე ადგილზეა, უნივერსიტეტებსა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კუთხით 106-ე პოზიცია უკავია, ინტერნეტის მოხმარების კუთხით კი – 71-ე. გალუმაშვილი დაინტერესდა, რამდენად აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი ჩადოს ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში. გალუმაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სადაც სახელმწიფოს პოლიტიკური ნება არსებობდა, მაგალითად ბიზნესის გახსნილობისა და გამარტივების კუთხით, ამ მიმართულებით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ქვეყანას კარგი პოზიციები აქვს.
კასრაძის განმარტებით, საქართველოს ამ კუთხით ძალიან ამბიციური გეგმა გააჩნია.
„ჩვენ უნდა ვიყოთ არა უბრალოდ სწრაფები, არამედ ძალიან სწრაფები, რომ საქართველო გადარჩეს და გაძლიერდეს. საინფორმაციო კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა“, – განაცხადა კასრაძემ.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირმა ბიზნესსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით საქართველოს 2.7 მილიონი ევრო გამოუყო, რათა უნივერსიტეტებში შექმნილი ტექნოლოგიები კონკრეტულ ინდუსტრიებში დაინერგოს. ამის ინსტიტუციური მექანიზმი დღემდე არ არსებობდა და სააგენტო აღნიშნულ დაფინანსებას ამ პროცესის სწორად წარმართვაში ჩადებს.
„პირველ რიგში, უნდა დავინახოთ, რა ტექნოლოგიებია დღეს უნივერსიტეტებში, შემოწმდეს ისინი ტექნოლოგიების მზაობის საერთაშორისო ინდექსით და თუ აკმაყოფილებს ინდუსტრიისთვის საჭირო პირობებს, ამ შემთხვევაში, სააგენტო მოვახდენთ მარკეტინგს, ბრენდინგს და გატანას ინდუსტრიებში. ეს მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებში შემოსავალი გაჩნდეს. ჩვენ უნდა გვყავდეს მილიონერი მეცნიერები, სხვანაირად ქვეყნის გაძლიერება არ იქნება“, – განმარტა ავთანდილ კასრაძემ.