ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საზღვრის ცვლილების საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს
ინგუშეთის მოქალაქეთა ნაწილი ჩეჩნეთთან საზღვარის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ინგუშეთის ცესკო-ს საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა. ინფორმაციას „კავკაზკი უზელზე“ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე მაგომედ მუცოლგივი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ჯგუფი დარეგისტრირდება, ინგუშეთში დაიწყება იმ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება, ვინც ჩეჩნეთთან საზღვრის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას უჭერს მხარს. კანონით, რეფერენდუმი იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ საინიციატივო ჯგუფი 10 000 მოქალაქის ხელმოწერას შეაგროვებს.
ინიციატივის ავტორების რეფერენდუმზე შემდეგი შეკითხვის დაყენებას ითხოვენ: „თანახმა ხართ, რომ ინგუშეთის რესპუბლიკისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზღვარი დადგინდეს იმ ცვლილებების მიხედვით, რომელსაც 26 სექტემბერს გაფრმებული „ინგუშეთსა და ჩეჩნეთის საზღვრის დადგენის შეთანხმება“ ითვალისწინებს?“
შეგახსენებთ, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურების მიერ ხელმოწერილმა შეთანხმებამ ინგუშეთში მასობრივი აქციები გამოიწვია. ეს დოკუმენტი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკებს შორის საზღვრის ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, ჩეჩნეთი და ინგუშეთი გარკვეულ ტერიტორიებს ცვლიან.
ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურთა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთის კონსტიტუციას სრულად შეესაბამება.
დღეს ამ შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობას რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. შესაბამისი მოთხოვით სასამართლოს ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა მიმართა.