ინგრიდ თინმანსვიკი - შეგვიძლია, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთმანეთისთვის ინსპირაციის წყარო ვიყოთ, გვქონდეს დისკუსია, როგორ შეგვიძლია ჟურნალისტიკის ერთად შეცვლა
შეგვიძლია, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთმანეთისთვის ინსპირაციის წყარო ვიყოთ, გვქონდეს დისკუსია, როგორ შეგვიძლია ჟურნალისტიკის ერთად შეცვლა, – ამის შესახებ ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქტორმა, ინგრიდ თინმანსვიკმა განაცხადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით თბილისში იმყოფება და დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელ ულრიკ ჰააგერუპთან ერთად პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ვორქშოპს ატარებს.
„მე კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით ვმუშაობ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელში, NRK-ში, სადაც ვცდილობთ ამ მიდგომის დანერგვას მთელ ორგანიზაციაში. ამიტომ ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია აქ ჩამოსვლა, სადაც თქვენ ამავე მიმართულებით საქმიანობთ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთმანეთისთვის ინსპირაციის წყარო ვიყოთ. მოხარული ვარ, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ვხვდებით და გვაქვს დისკუსია იმაზე, როგორ შეგვიძლია ჟურნალისტიკის ერთად შეცვლა“, – განაცხადა ინგრიდ თინმანსვიკმა.
რაც შეეხება ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის დანერგვას, ინგრიდ თინმანსვიკის თქმით, აღნიშნული მიდგომა აუდიტორიის მხრიდან წამოსული მოთხოვნის საფუძველზე აირჩიეს.
„დავინახე ჩემი აუდიტორიისგან, რომ სჭირდებოდათ იმედის მიცემა. ისინი პირადად გვწერდნენ, რომ ზედმეტად ნეგატიური ამბავი მათში დეპრესიას იწვევდა. ვიგრძენი, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, გვაქვს პასუხისმგებლობა, გავაკეთოთ მეტი ხალხისთვის, მივცეთ მათ მეტი იმედი. აუდიტორიისგან რეაგირება იყო ძალიან კარგი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა ინგრიდ თინმანსვიკმა.
დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი ულრიკ ჰააგერუპი და ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქტორი ინგრიდ თინმანსვიკი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, საქართველოს სტუმრობენ. ვიზიტის პირველ დღეს ულრიკ ჰააგერუპი პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპს ატარებს, რომელსაც მთელი დღე დაეთმობა და მოიცავს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. ხვალ, 18 ნოემბერს კი გაიმართება კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“, რომლის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს.