ინგლისური სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, სოლიდური შევსება მიიღო “ევერტონმა“.
ლივერპულურმა კლუბმა 30 მილიონი დახარჯა სამ მოთამაშეზე. გუნდის შემადგენლობა შეავსეს “შახტარის” ყოფილმა ნახევარმცველმა ბერნარდმა (თავისუფალი აგენტის სტატუსით, 4-წლიანი კონტრაქტი), აგრეთვე, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა – მცველმა იერი მინამ და ნახევარმცველმა ანდრე გომიშმა. კოლუმბიელში გადაიხადეს 30.25 მილიონი ევრო, ესპანელის იჯარაში კი – 2.25 მილიონი.
“ატლეტიკომ” თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ “მილანის” 30 წლის ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი გაიფორმა. კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
დღის სხვა ამბები
– “მანჩესტერ სიტიმ” გამოაცხადა დანიელ არზანის ტრანსფერის შესახებ. მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონში “მელბურნიდან” გადავიდა, მაგრამ იჯარით “სელტიკში” ითამაშებს.
– MLS-ში მორიგი ვეტერანი გადავიდა ევროპიდან: “მონრეალმა” გამოაცხადა ბაკარი სანიას ტრანსფერის შესახებ. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.
– “ვესტ ჰემმა” “არსენალის” სათადარიგო ლუკას პერესი შეიძინა. მასთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ტრანსფერის თანხაა – 4 მილიონი ფუნტი.
– მოსკოვის “ლოკომოტივმა” ფიოდორ სმოლოვის შეძენა მოახერხა. ტრანსფერი 9 მილიონი ევრო დაჯდა. ფორვარდის ხელფასი სეზონში 3.1 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი ოთხწლიანია.
– “ლესტერმა” ზაგრების “დინამოდან” ხორვატი მცველი ფილიპ ბენკოვიჩი შეიძინა. 21 წლის ფეხბურთელი ხუთი წლით გაფორმდა.
– “ვულვერჰემპტონმა” ბელგიელი ლეანდერ დენდონკერი გაიფორმა “ანდერლეხტიდან“. გარიგების თანხა უცნობია. დენდონკერი ამ სეზონს იჯარით ითამაშებს.
– “ბრაგასა” და ჩერნოგორიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლა ვუკჩევიჩი “ლევანტეს” ფეხბურთელი გახდა. ესპანელებს ტრანსფერი 8.9 მილიონი დაუჯდათ. კონტრაქტი ოთხწლიანია.
– “ატლეტიკო” ერთი სეზონით გამოემშვიდობა ლუსიანო ვიეტოს და ის იჯარით გადასცა “ფულჰემს“.
– “ლესტერმა” 20 მილიონი გადაიხადა “ფრაიბურგის” მცველში ჩაგლარ სიუინჯუში.
– ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ ოთხი წლით გააგრძელა კონტრაქტი “ლესტერთან“.
– “კრისტალ პალასმა” “სუონსიდან” აიყვანა ანდრე აიუ.
– ინგლისში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა და “ტოტენჰემი” გახდა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, არც ერთი ფეხბურთელი არ შეიძინა. ლონდონელთა ერთადერთი აქტიურობა იყო – “ფენერბაჰჩეში” იჯარიდან ვინსენტ იანსენის დაბრუნება.