ინგლისმა ავსტრალია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე პირველი მეოთხედფინალური მატჩი დასრულდა, რომელშიც ინგლისი და ავსტრალია ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მატჩი ავსტრალიელთა საკმაოდ სახიფათო შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე ისინი ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა ინგლისელებმა მალე უპირატესობა ხელთ იგდეს და სამი წუთის შუალედში, მე-18 და 21-ე წუთებზე, ორი ლელო დაუდეს მეტოქეს – 14-3.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ავსტრალიელების ორ საჯარიმოს ინგლისელებმა ერთით უპასუხეს და შესვენებაზე რვაქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 17-9.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 43-ე წუთზე, ავსტრალიამ მატჩში თავისი პირველი ლელოს დადება მოახერხა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და ანგარიში ერთ ქულამდე შემცირდა, თუმცა ინგლისელებმა რვაქულიანი უპირატესობის აღდგენა ამ მომენტიდან ზუსტად ორ წუთში მოახერხეს.
დარჩენილ დროში ინგლისელებმა კიდევ სამი ზუსტი ჯარიმა და ერთი ლელო მიამატეს თავიანთ აქტივს, მატჩი 40:16 მოიგეს და ნახევარფინალში ახალ ზელანდიასა და ირლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.