ინგლისის ესექსის საგრაფოში, ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი ოფიციალურად მიენიჭა
ინგლისის ესექსის საგრაფოში, ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ოფიციალურად მიენიჭა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
კერძოდ, ჰარლოუში მეხუთე ავენიუს „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა.
გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიალს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გამზირის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იმყოფებოდა ჰარლოუს დეპუტატი რობერტ ჰალფონი.
დეპუტატის თქმით, ჰარლოუ ზელენსკის სახელობის ქუჩისთვის შესაფერისი ადგილია, რადგან ეს ქალაქი აშენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ლონდონელი ოჯახებისთვის.
„ახალი ქალაქი ჰარლოუ წარმოიშვა, როგორც ფენიქსი ფერფლიდან. ჩვენ გვინდოდა, უკრაინელებისთვის გვეჩვენებინა, რისი გაკეთება არის შესაძლებელი. როგორც კი ისინი რუსეთზე გაიმარჯვებენ, არის იმედი, შესაძლებლობა, რომ მათ ექნებათ ახალი ლამაზი ქალაქები“, – განაცხადა რობერტ ჰალფონმა.