ინგლისი VS გერმანია, შვედეთი VS უკრაინა - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ინგლისი VS გერმანია, შვედეთი VS უკრაინა - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ევრო 2020-ზე მეოთხედფინალური წყვილები დღევანდელი მატჩების შემდეგ გაირკვევა.

20 საათზე ინგლისი გერმანიას „უემბლიზე“ უმასპინძლებს, ხოლო 23 საათზე შვედეთი უკრაინას გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე“ დაუპირისპირდება.

ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

 

ინგლისი-გერმანია

ინგლისი-გერმანია სანაკრებო კლასიკაა, რომლის ყველაზე ხმაურიანი მატჩი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია. გერმანიის გულშემატკივრები დღესაც იხსენებენ მსაჯის, ტოფიკ ბახრამოვის მიერ გერმანელთა კარში გატანილ გოლს, რომელიც მათი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო. საბოლოოდ ინგლისმა ფინალი 4:2 მოიგო.

თავის მხრივ, ინგლისის გულშემატკივრებს მწარედ ახსოვთ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გერმანიასთან პენალტების სერიაში დამარცხება. ევრო-96-ს სწორედ ინგლისი მასპინძლობდა და მატჩი „უემბლიზე“ გაიმართა. იმ წელს ევროპა გერმანიამ მოიგო.

შესაძლოა, ევროპის წლევანდელი ჩემპიონიც ამ წყვილში იყოს დაფარული.

 

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი):

„ჩვენ ბოლო 3-4 წელია მოვდივართ ამ ეტაპამდე და ყველას გააზრებული გვაქვს მისი მნიშვნელობა. ამიტომ, არ ვუყურებთ წარსულს და არ გვაინტერესებს, რა იყო ძველად. ამ ნაკრებს შეუძლია, დაწეროს ისტორია. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და არ უნდა შეგვეშინდეს მისი. ზოგადად, ამ გუნდს არ აქვს შიში და ასე ვხვდებით გერმანიასთან მატჩს“.

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი):

„ეს არის მატჩი, რომელზეც ამბობენ – ან ყველაფერი, ან არაფერი. ჩვენ ბევრი რამ არ გამოგვდიოდა წინა თამაშებში, მაგრამ ვიცით, რომ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერები, თუ მოედანზე რაღაც-რაღაცებს უკეთ გავაკეთებთ. გვესმის, რომ ეს სრულიად სხვა ტიპის დაპირისპირებაა, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე იყო. ინგლისი საკუთარ კედლებში თამაშობს და მათთვის პრიორიტეტი იქნება შეტევა. ეს იქნება უნგრეთისგან განსხვავებით უფრო გახსნილი მატჩი და ჩვენ მზად ვართ ასეთი თამაშისთვის“.

 

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (3-4-3): პიკფორდი – უოლკერი, სტოუნზი, მაგუაირიტრიპიერი, რაისი, ფილიპსი, შოუ – ფოდენი, სტერლინგი, კეინი.

გერმანია (3-4-3): ნოიერიგინტერი, ჰუმელსი, რიუდიგერიკიმიხი, გორეტცკა, კროოსი, გოსენსიჰავერტცი, მიულერი, გნაბრი.

 

შვედეთი-უკრაინა​​

​უკრაინა და შვედეთი ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრიან, საიდანაც ორი მატჩი უკრაინელებმა მოიგეს, ერთი – შვედებმა.

ეს გუნდები პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობენ, „თავქუდმოგლეჯილები“ შეტევაში არ გადადიან და არც დაცვაში სხედან 6-7 კაცით. პლეიოფში კიდევ უფრო მეტად იქნებიან კონცენტრირებულები შედეგზე, თუმცა წინა მერვედფინალების გათვალისწინებით როგორც შვედეთს, ასევე უკრაინას დამატებითი საზურნავი გაუჩნდა – არ დაუკარგონ სანახაობა ეფექტურად დაწყებულ პლეი ოფს.

 

ანდრეი შევჩენკო (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი):

„დასაკარგი არაფერი გვაქვს, მიზანს მივაღწიეთ, პლეი ოფში ვართ. თუმცა ეს მიას არ ნიშნავს, რომ მოტივაციის ნაკლებობას განვიცდით – ჩემმა ფეხბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაშით ირწმუნეს, რომ იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე 1/8 ფინალში თამაშია.“

იანე ანდერსონი (შვედეთის ნაკრების მწვრთნელი):

„მომგებიანი ბილეთით ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში არავინ მოხვედრილა. თითოეულმა გუნდმა იბრძოლა და მერვედფინალში თამაში დაიმსახურა. მათ შორის უკრაინამ, რომელიც კარგად შეთამაშებული გუნდია და მისი ბარიერის დაძლევა იოლი არ იქნება“.

 

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი (4-4-2): ოლსენი – ლუსტიგი, ლინდელიოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი – ს. ლარსონი, ეკდალი, ოლსონი, ფორსბერგიქუასიონი, ისაკი.

უკრაინა (4-1-4-1): ბუშჩანიკარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო –  მალინოვსკისიდორჩუკი, ზინჩენკო, იარმოლენკო, იარემჩუკიციგანკოვი.