ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი 10-15 დღეში გაიხსნება
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის ფორმირება დასრულებულია და რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტის დაგება, – ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გალაქტიონ ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გაკაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დაახლოებით 15 დღეში გაიხსნება.
„ყველა ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის ფორმირება დასრულებულია და რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტის დაგება. ის ინფორმაცია, რომ იქ დიდი მოცულობის სამუშაოებია დარჩენილი აბსოლუტური სიცრუეა. გარკვეული ცვლილებები შევიდა პროექტში, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე გახდა დამატებითი თანამედროვე მასალების ჩამოტანა საზღვარგარეთიდან. დაახლოებით 10-15 დღეში მოძრაობა გაიხსნება“,- განაცხადა გალაქტიონ ბუაძამ
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება.
სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 300 000 ლარამდე დაიხარჯება.