ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება
2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 815.0 მლნ ლარი, რაც 527.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
“გამოყოფილი თანხის ფარგლებში, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 288,5 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 196,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.