ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, უწყებამ 2023 წლის ბიუჯეტი 102.5%-ით შეასრულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102.5%-ით, ანუ 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 3 434.8 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (3 351.4 მლნ ლარი) 83.3 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 354.4 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის გეგმებს გადააჭარბეს და, ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 2 018.8 მილიონი ლარი (გეგმის 104%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 839.0 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 521.1 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 43.0 მილიონი ლარი (გეგმის 101 %).