ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყალტუბოში დევნილებისთვის ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებული ბინები 140 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებდა ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების მონტაჟს, საბავშვო მოედნებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
„ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
გარდა დასრულებული ორი კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, დამატებით ექვს საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020- 2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება“, – აცხადებენ სამინისტროში.