ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გურიასა და კახეთში 13 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდმა უკვე დაიწყო რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება გურიისა და კახეთის რეგიონში. პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონში ცხრა სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში ხუთი სკოლის რეაბილიტაციას.
გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკისციხის, ზომლეთის, თხინვალის, ლესას, მერიის, სამების, ლანჩხუთის და ჩოჩხათის საჯარო სკოლებს.
კახეთის რეგიონში კი რეაბილიტირდება კალაურის, კარდენახის, ნინიგორის, სამთაწყაროს და ძველი ანაგის საჯარო სკოლები. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო. მთავრობის დაფინანსებით უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, დონორის დაფინანსებით დაწყებულია 20 სკოლის ენერგო ეფექტური კომპონენტის გაძლიერებაც.
პროგრამა ფინანსდება საქართველოს მთავრობის და დონორების (CEB და NEFCO) დაფინანსებით. პროგრამის საერთო ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. სკოლების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერის დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.