ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 11 თვეში 1.67 მილიარდი ლარი აითვისა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 11 თვეში 1.67 მილიარდი ლარი აითვისა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა.

სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 667 მილიონი ლარით, ანუ 67 პროცენტით მეტი თანხა აითვისა.

11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141 მილიონი ლარი), რასაც 2019 წლის მაჩვენებელმა 46 პროცენტით გადააჭარბა. შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.

„გადაჭარბებით სრულდებოდა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისება დაგეგმილ კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში. 3 თვის დამტკიცებული გეგმა 5 მილიონი ლარის გადაჭარბებით – 102%-ით, 6 თვის დამტკიცებული გეგმა 2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით – 100.4%-ით, ხოლო ცხრა თვის დამტკიცებული გეგმა 23.2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით – 103%-ით შესრულდა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.