ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ხულო-ზარზმის გზით, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი
ორი რეგიონის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება. საერთო ჯამში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია გზის 31 კმ-იან მონაკვეთზე და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც და სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დანარჩენილ მონაკვეთებზე.
„ხულო-ზარზმის გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის შემადგენელი მონაკვეთია. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 47-კილომეტრიან გზას. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება ორზოლიან გზეზე და ინტესნიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე. ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია- რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.
ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც და 1.5 სთ-ით შეამცირებს ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.