ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტზე გამოძიების გამო, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილეს, გიზო უგლავას უფლებამოსილება შეუჩერდა
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილეს, გიზო უგლავას უფლებამოსილება შეუჩერდა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უგლავას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გახდა.
„იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ობიექტური წინასწარი გამოძიება, რომელიც ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტზე დაიწყო, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის ბრძანებით, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის შესახებ შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დირექტორის პირველი მოადგილე მოხსნილი იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებებისა და ხელმძღვანელობისგან“, – წერს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებას აცნობებენ შედეგების შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მაქსიმალურად არიან დაინტერესებულნი ამ ფაქტის სრული, ყოვლისმომცველი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებით.
მაისის თვეში უკრაინის პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლების სახლში. საქმე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უწყების წარმომადგენლების მიერ წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნებას, უფრო კონკრეტულად კი, ბიზნესმენ იური გოლიკის ინტერესებს ეხება, რომელიც ანტიკორუფციული გამოძიების ფიგურანტია „დიდი მშენებლობის“ საქმეში. „დიდი მშენებლობა“ მთავრობის პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და რომლის პოპულარიზაციაც მოახდინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიებში.
როგორც უკრაინაში გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, გავლენიანი ბიზნესმენი იური გოლიკი, სავარაუდოდ, მეთვალყურეობდა მთავრობის მსხვილ სამშენებლო პროექტებში გაფლანგვის სქემას, რის შემდეგაც მისმა კომპანიამ მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო.
როგორც უკრაინული მედია წერს, გიზო უგლავამ კარიერა საქართველოში პროკურორად დაიწყო და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი იყო. უგლავა უკრაინაში საცხოვრებლად 2014 წელს გადავიდა, რის შემდეგაც მოქალაქეობაც მიიღო. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მოადგილის თანამდებობა კი 2015 წელს დაიკავა.